გიორგი გახარია - ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი გახლდათ ქალაქში სამოქალაქო არეულობა
გიორგი გახარია - ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი გახლდათ ქალაქში სამოქალაქო არეულობა

ეს იყო ურთულესი ღონისძიება, რომლის ძირითადი რისკი გახლდათ ქალაქში სამოქალაქო არეულობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, აქციაზე პოლიცია თავდაცვით მდგომარეობაში იყო, რომელიც თავს იცავდა.

„ჟურნალისტი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, თუ სადმე იყო გადამეტების რაიმე კონკრეტული ელემენტი და დაშავდა მედიაჟურნალისტი, რა თქმა უნდა, შესწავლილი იქნება და ეს პასუხისმგებლობაც დადგება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიცია იყო თავდაცვით მდგომარეობაში. ის იცავდა თავის თავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ სპეცრაზმი ძალის გამოყენებას აპირებდა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო.

„ყველა მოქალაქე, რომელიც წინა ფლანგზე იყო და პირდაპირ შტურმი მიიტანა პოლიციაზე, დროის მიხედვით განახებთ ამას, მთელი ღამის განმავლობაში ყველა იყო მაქსიმალურად გაფრთხილებული. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი მოწოდებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად პროვოკაცია მოუწია, მოახდინა ის, რომ მოქალაქეები და პოლიცია უბრალოდ დააპირისპირა ისეთ დონეზე, რომ ამან მიიღო შტურმის სახე, რა თქმა უნდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.