გიორგი გახარია - ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები, მიეჩვიოს, რომ საარჩევნო ურნაა ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბევრი ილუზიაში იმყოფება და არასერიოზულ, უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამს.
ამასთან, გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე – პარლამენტზე.
„ბევრია რაღაც ილუზიებში, ზოგს გონია, რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა…ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილისმომგვრელიც. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ამის ილუზია, გავიგე, რომ ვიღაცებს უნდათ და ცდილობენ, თავი გმირად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი.
შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ქვეყანაში მოუწოდოს ვინმეს კიარა, იოცნებოს კიდევაც რაღაც რევოლუციებზე და გადატრიელებაზე. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები, ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და საარჩევნო ურნა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.
ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ყველამ გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებებით და იმ ქმედებებით, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს და ცოტა მეტად პასუსუხისმგებლიანად მოვეკიდოთ “,- განაცხადა გახარიამ.