გიორგი გახარია - ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ
მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა, სხვა არავინ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ხაშურში რეგიონული ორგანიზაციის გახსნაზე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა – ხაშურში ოფისს ვხსნით. ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება ერთგვარი სახლი ყველასთვის, სადაც ყველას შეეძლება თავისი წინადადება, პრობლემა მოიტანოს. მთავარია, რომ ვიშრომოთ. ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყველა დაპირება გაცემულია და მე რაც უნდა დაპირებები გავცე, ამაში უბრალოდ აზრსაც ვერ ვხედავ. მთავარია ახლა, საქმეს მოვკიდოთ ხელი და საქმის კეთება დავიწყოთ. ეს ჩემთვის გამოწვევაც არის, რომ პირველი – ერთდროულად ვქმნით პარტიას და ამავდროულად, არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ახლა მუნიციპალურში, შემდეგ – საპარლამენტოში. არავინ მოგატყუოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც იქნება. კიდევ უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ. ჩვენი მთავარი ამოცანაა წყნარად, მშვიდად, კეთილსინდისიერი ხალხი და პროფესიონალიზმი. რაც უნდა ილანძღონ და გინება დაიწყონ, ღირსება, ჩვენი ღირსებაა და ამას არ გავცვლით არაფერში. ეს ქაოსი, ლანძღვა, ცემა-ტყეპა თუ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თუ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ხაშურს მივხედავთ. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ააშენებს კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები. ამიტომ ამ ოფისში ყოველთვის იქნება ახალგაზრდების სიმრავლე, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ნელ-ნელა უნდა შემოვიყვანოთ პოლიტიკაში და რაც მთავარია, საუკეთესო სახეები ხაშურის მერად, მაჟორიტარებად და სიებში. ეს თქვენი გადასაწყვეტია.
ერთი ადამიანი არ იქნება, რომელსაც მიგითითებთ, რომ ეს უნდა იყოს. მე ამას არ ვიზამ. მთავარია, ადამიანებს ვუთხრათ სიმართლე, არსად გვეჩქარება – არ დავკარგოთ ღირსება და კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანები ამოვირჩიოთ. ხაშურს დღეს, განსაკუთრებით რაც ეს შემოვლითი გზა გაკეთდება, აქვს ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი. იმიტომ, რომ ხაშური თბილისთან ახლოს არის და ხაშურში არის შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის და ტურიზმის ერთად განვითარების, ისევე, როგორც ინდუსტრიული საწარმოების გაკეთების – აქ ამის ადამიანური რესურსიც არის, სამუშაო ძალაცაა და კიდევ ბევრი რამ. მე რაც უნდა დაგპირდეთ, ძალიან კარგად ვიცი, რამდენჯერ არის ნათქვამი წყლისა და გზის პრობლემა ხაშურში, რამდენჯერ არის ნათქვამი ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც ხაშურიდან გარბიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. ერთი რამ მინდა იცოდეთ – ვინც რაც უნდა დაგპირდეთ, სანამ ძლიერ სახელმწიფოს არ ავაშენებთ, სადაც კანონი კანონობს ყველასთვის ერთნაირად, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი დაპირება და ტყუილები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უნდა მიხედონ მუნიციპალიტეტს, ქალაქსა და სოფელს.
„უპირველესად, უნდა დავამთავროთ ის ცემა-ტყეპა, რაც თბილისში ხდება. ის ცირკი, რაც პარლამენტში ხდება. ნორმალური, ღირსეული ადამიანები უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, და მერე მივხედოთ თითოეულ სოფელს, თითოეული ოჯახს, თითოეულ ქალაქს და მუნიციპალიტეტს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უნდა ემსახუროს ქვეყანას, მაგრამ 2-3-4 წლის შემდეგ, იმ კაბინეტებიდან ვერ გამოდიან – ამას დიდი კეთილსინდისიერება სჭირდება. რა თქმა უნდა, მეც იმ ოცნების ნაწილი ვიყავი, ბევრი ჩვენგანი ვშრომობდით, იქ ძალიან კარგი და ღირსეული მეგობარი დარჩა. რა თქმა უნდა, იქ კარგი რამ თუ გაკეთებულა, ამაშიც მიგვიღია მონაწილეობა და რაც ვერ მოვახერხეთ და რაც გაფუჭდა, ამის პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ და იმიტომ ვდგავართ დღეს აქ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. როგორც კი პარტიული ინტერესები დგება სახელმწიფოსა და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, იქ უკვე შესაძლებლობები, ადამიანს ემსახურო, მცირდება. სანამ ეს შესაძლებელი იყო, ჩვენ იქ ვიყავით, როგორც კი ეს შეუძლებელი გახდა და იძულებული გავხდით, ქვეყნისთვის კი არ გვემსახურა, არამედ გვემსახურა კონკრეტული ადამიანებისთვის და პარტიისთვის, ავდექით და წამოვედით, იმიტომ, რომ მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა, და სხვა არავინ. ეს ეხება ამ პარტიასაც. შეუძლებელია დღევანდელ ღარიბ ქვეყანაში შენ პარტიული ინტერესები დააყენო სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამიტომ ვერ ვაშენებთ ჩვენ 30 წელია ძლიერ სახელმწიფოს. ეს უნდა შევცვალოთ და ამის შესაცვლელად გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ღირსეული კეთილსინდისიერი ახალგაზრდა პოლიტიკაში. მადლობა, და იცოდეთ, რომ არსად გვეჩქარება. წყნარად, მშვიდად მივალთ საბოლოო მიზნამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.