გიორგი გახარია - ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის აუცილებლობა, რაც უნდა გავაკეთოთ წესების მაქსიმალურად დაცვით
ყველაფერი სწორად იქნა დანახული, საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები, ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რომელიც ხდება ჩვენს რეგიონსა და ევროპაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, გამომდინარეობს იმ ინტერესიდან, რასაც ყოველთვის, თავიდანვე და მიზანმიმართულად ვამბობდით, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა. მინიმალური ზიანი უნდა მიიღოს ეკონომიკამ. მეორე ტალღის დაწყებამდე ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები უკვე გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან დაახლოებით 5,5 პროცენტამდე. გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ამასთან, სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში – სექტემბრის მონაცემებით, რვა პროცენტზე მეტია წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ეს ყველაფერი არის საფუძველი, რათა, გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს, რათა პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გვქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი სწორად იქნა დანახული. საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რომელიც ხდება ჩვენს რეგიონში და ევროპაშიც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება აუცილებლობაა.
„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის ექნება ხუთი პროცენტი, ხოლო 2021-2025 წლის განმავლობაში რეგიონში და არა მარტო რეგიონში, იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის 5,5 პროცენტით. ეს არის საპროგნოზო ციფრები. თუ სწორად ვმართავთ ვირუსს და ეკონომიკურ პროცესებს, გვექნება შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც გვჭირდება, რათა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წესების მაქსიმალურად დაცვით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე და რისკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.