გიორგი გახარია - ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა, ეს არის აუცილებელი დახმარება, რომელიც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გაუწიოს ქვეყანას
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შემთხვევაში, ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური დიპლომატია არის ქვეყნისთვის აუცილებელი დახმარება, რომელიც საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გაუწიოს, განსაკუთრებით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შემთხვევაში ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ეს არის უბრალოდ აუცილებელი დახმარება ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ქვეყანას უნდა გაუწიოს განსაკუთრებით პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში, ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება და ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი ან მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. უბრალოდ გლობალური კონკურენცია იქნება სხვაგვარი, გლობალური ეკონომიკა იქნება სხვაგვარი და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ქვეყნისთვის შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება მოულოდნელ სფეროებში, ან მოულოდნელ დედაქალაქებში გაიხსნას და ამას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერმა.