გიორგი გახარია - ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა და კანონმა თუ ყველასთვის არ იკანონა, არაფერი არ იქნება, არც სამუშაო ადგილი, არც შემოსავალი და ეკონომიკასაც ვერ გავზრდით
ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა და კანონმა თუ არ იკანონა ყველასთვის, არაფერი არ იქნება, არც სამუშაო ადგილი, არც შემოსავალი იქნება და ეკონომიკასაც ვერ გავზრდით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ კასპში, ოფისის გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის მთავარი ამოცანაა, რომ კეთილსინდისიერ და წარმატებული პროფესიონალებს გაუხსნას გზა.
„ყველაფერი, რაც გაწუხებთ, პრობლემები, იდეები, შეგეძლებათ, აქ მოიტანოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სუფთა, კეთილსინდისიერი, წარმატებული პროფესიონალები, რომ აქ გავუხსნათ გზა. ეს არის მთავარი ამოცანა. თორემ ახლა ამ ქვეყანაში დაპირება რაც შეიძლებოდა, რომ გაცემულიყო, ყველა დაპირება უკვე გაცემულია. საქმის დროა და ყველა ის პრობლემა, რომელიც კასპშია, თქვენთან არის სოფელში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით. წყლით დაწყებული და გზებით დამთავრებული, სპორტული ინფრასტრუქტურით გაგრძელებული, მთავარი მაინც არის ის, რომ ძლიერი სახელმწიფო თუ არ იქნა და კანონმა თუ არ იკანონა ყველასთვის, არაფერი არ იქნება, არც სამუშაო ადგილი იქნება, არც შემოსავალი და ეკონომიკასაც ვერ გავზრდით. ამიტომ გვჭირდება მუნიციპალურ დონეზეც ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პროფესიონალები. მთავარი ეს არის. მთავარი ის არის, რომ თითოეულ სოფელსა თუ მუნიციპალიტეტს წარმოადგენდეს სწორი, კარგი ხალხი და ამიტომ ვართ დღეს აქ. ახლა ჩვენთვის გამოწვევა არის ის, რომ ერთდროულად პარტიასაც ვაკეთებთ და არჩევნებშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამ არჩევნებშიც და შემდგომ არჩევნებშიც. ამიტომ ასე წყნარად, მშვიდად, ნაბიჯ-ნაბიჯ, არავის ლანძღვასა და გინებას არ ვაპირებთ, ჩვენც იქიდან მოვდივართ. „ოცნებაში“ ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი დარჩა. ბევრი რამ კარგი იყო, ბევრი კარგი გაგვიკეთებია და რაც ვერ გავაკეთეთ და რა შეცდომებიც დაგვიშვია, იმაზეც ჩვენი პასუხისმგებლობაა და იმიტომ ვდგავართ ახლა აქ, რომ ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ. უბრალოდ, პარტია როცა სახელმწიფოზე მაღლა თავის ინტერესებს აყენებს, ეს არის ცოტა პრობლემური და ამიტომ გაიყარა ჩვენი გზები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა გაეხსნას გზა.
„დარწმუნებული ვარ, სოფელში ბევრი კარგი ახალგაზრდა გეყოლებათ. ახლა მარტო ახალგაზრდები ვერც ვერაფერს გააკეთებენ. ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი, მაგრამ მიზანი მაინც მინდა, რომ იცოდეთ. მიზანი არის ძლიერი სახელმწიფო. ტელევიზორი სადაც არ უნდა გადართო, რაღაც უაზრო ლანძღვა, გინება, ერთმანეთის ცემაა, პარლამენტში რაც ხდება. ამიტომ, ძლიერი სახელმწიფოს გარეშე არაფერი იქნება. ძლიერი სახელმწიფო და კანონი, რომელიც ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.