ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დუშეთში განაცხადა, სადაც მოსახლეობას მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
პრემიერ – მინისტრის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში.
„დიდი პატივია ჩემთვის, ვაჟას სამშობლოში ვისაუბროთ ამ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას. ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში. ახალგაზრდას, რომელიც აქ იბადება, მას უნდა ჰქონდეს ისეთივე პირობები, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. ეს არის სამართლიანობა და ამას ჰქვია ქვეყანაში წარმატების თანაბარი გადანაწილება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდგომ დუშეთის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, ეს საკმარისი არ არის.
„მხოლოდ ამით არ უნდა იზომებოდეს ქვეყნის და ამ კუთხის წარმატება. ამ კუთხის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი აქ დარჩეს, წარმატებულად იშრომოს, იღვაწოს თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი მიზანი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად დასაგებ გზებსაც დავაგებთ, ვიცით, რომ სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემაა, დუშეთში და მიმდებარე სოფლებში გაზია პრობლემა, ამ ყველაფერს სწრაფად მოვაგვარებთ, ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება უნდა იყოს, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ან ქალაქში თუ მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, შემდგომ დაბრუნდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ყველა იმ პროგრამას, რომლითაც ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს ვეხმარებით, დაიწყოს თავისი საქმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
„ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ყველა ის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებშია თავმოყრილი – „აწარმოე საქართველოში“ , სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო. ეს ყველაფერი დღეს გაქვთ თქვენ აქ, დუშეთში, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში, ან იუსტიციის სახლში, სადაც უბრალოდ რომ მიხვიდეთ, ყველაფერს აგიხსნიან, დახმარების რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს. ეს ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი იმ დონეზეა გაკეთებული და ხალხი ისეა დატრენინგებული, რომ თბილისში ჩასვლაც და სამინისტროში სიარული არ დაგჭირდებათ, კონტრაქტის გაფორმება შეიძლება აქ, ბენეფიციარმა როგორ დაიწყოს მონაწილეობა ამა თუ იმ პროგრამაში. ეს ელემენტარული მხარდაჭერაა, იმისთვის, რომ ადამიანი, როდესაც დაქირავებული, ან სახელმწიფო სამსახურში ხარ და შენი ბიზნესი გინდა დაიწყო, პირველ ნაბიჯს რომ დგამ, ძალიან დიდი რისკი და ფსიქოლოგიური წნეხია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თამამ, გულად და მშრომელ ადამიანებს, დუშელებს, ამის შესაძლებლობა მივცეთ. ამის შესაძლებლობა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები აქ, დუშეთში გვაქვს მოტანილი.
სახელმწიფოს ვალდებულება, საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი – გზა, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, წყალი, გაზი. რა თქმა უნდა, აქაც, წლებია, ათწლეულებია ბევრი არაფერი არ გაკეთებულა. მე ბევრი კონკრეტული პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ ყველანი ამას კარგად ხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რესურსი ჩავდოთ განათლებაში იმიტომ, რომ ბავშვები, რომლებიც იბადებიან, არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავება, სად ცხოვრობენ და სად იზრდებიან. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა, საშუალო თანაბარ განათლებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და მათი მოხუცებულობა უნდა იყოს ღირსეული. სწორედ ამიტომ, დუშეთში, 276 სოფელი არის მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი. ეს ხალხი კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ ამით ჩვენ ამოვავსეთ ის სოციალური დისბალანსი, რომელსაც ქალაქსა და მთას შორის ვგრძნობთ. ეს არ არის დიდი სხვაობა, მაგრამ ეს არის ელემენტარული სწორი მიმართულება, რომ სახელმწიფომ ეს დისბალანსები ამოავსოს. ადამიანებს, სადაც მათ ცხოვრება უნდათ, უნდა შეეძლოთ ღირსეულად იცხოვრონ. ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს კარგი განათლება, ნიჭი, სითამამე და სურვილი, ჩვენ ყველამ უნდა შევუქმნათ თანაბარი უფლება, თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები იმ საქმის დასაწყებად, რომელიც მათ უნდათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი – გლეხი უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი და ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ თვითონ გახდეს დამსაქმებელი, სახელმწიფო ამაში უნდა მიეხმაროს, იმიტომ, რომ ეს ძალიან რთული პირველი ნაბიჯებია“, – აღნიშნა პრემიერ – მინისტრმა.
გიორგი გახარიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მცხეთა-მთიანეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონი იყოს.
„იმისთვის, რომ ამას ყველაფერს მივაღწიოთ, გვჭირდება ერთობლივი გამარჯვებები. ეს არ არის დუშეთის ან თიანეთის გამარჯვება, ეს ქვეყნის გამარჯვება უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დუშეთი, მცხეთა, თიანეთი და ყაზბეგი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთესად იცნობთ, იქნება ღირსეული ხმა თითოეული დუშელის, საკანონმდებლო ორგანოში. ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის. ამ რეგიონსაც შეუძლია ეს და ამ კაცსაც შეუძლია ამის გაკეთება. მე მინდა, თითოეულ თქვენგანს სამართლიან ბრძოლაში სამართლიანი გამარჯვება გისურვოთ. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ დუშელებო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.