გიორგი გახარია - ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში
ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჟენევა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატია.
„ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა ჩაკეტილია და ადამიანებს სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის საშუალება არ გვეძლევა. ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ასეთ დროს ჩაშლა სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.