გიორგი გახარია - დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთ პაციენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, 81 წლის მოქალაქის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
„ორ ფრონტზე ვიბრძვით უპირველესად – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქ ალბათ დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ, სამწუხაროდ. აჭარის რეგიონის მკვიდრი, ქობულეთის კლასტერიდან 81 წლის ჩვენი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსისგან დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელიც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.