გიორგი გახარია - დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც  ახალ სიცოცხლეს, ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოსა და მთლიანად იმერეთის რეგიონს
გიორგი გახარია - დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც ახალ სიცოცხლეს, ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოსა და მთლიანად იმერეთის რეგიონს

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას წყალტუბოში, სადაც მმართველმა გუნდმა  სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი სწორედ წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული.

„წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია. წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს დასრულდება. საერთოდ, საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ, ის შესაძლებლობა, რომელსაც წყალტუბო შექმნის დასაქმების, მკურნალობის, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, იქნება უნიკალური, თუმცა ამას დასჭირდება 24-საათიანი მძიმე შრომის წლები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის – წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს და რა თქმა უნდა, საქართველოს. მიუხედავად იმ ფრთხილი მცდელობებისა, რაც ჩვენ გვქონდა წყალტუბოს განვითარებისთვის, ეს იმდენად დიდი და მასშტაბური პროექტია, რომ ყოველთვის გვიჭირდა მასთან შეხება, მისი წამოწყება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში ყველ იხილავს, წყალტუბოს განვითარებისა და აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება.

„ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განსავითარებელი და ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავრობის ყურადღება პირველ რიგში, მიპყრობილი იყო ბაკურიანის, გუდაურის, ბათუმის, კახეთის რეგიონის მიმართულებით, თუმცა მერწმუნეთ, წყალტუბოს ჯერი მოვიდა. ეს გადადება არ იყო იმით გამოწვეული, რომ წყალტუბოს მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდით. პირიქით, ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, თუ სრულად არ ვიქენით მზად იმისთვის, რომ ამას ხელი მოვკიდოთ, საერთოდ შეუძლებელია ამაზე საუბრის დაწყება. თუმცა, გარწმუნებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და უახლოეს პერიოდში ყველანი ერთად ვნახავთ, წყალტუბოს განვითრების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „ნამახვანის“ პროექტზე და განაცხადა, რომ ეს ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, წყალტუბოში უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი „ნამახვანის“ პროექტი მიმდინარეობს, რომელიც არის 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და რომლის საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია. ამ მშენებლობის ეტაპზე, გარანტირებულად არის 3 000 სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის და შემდგომ, ეს არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მინიმუმ ხუთი მილიონი აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძირითადი პრობლემა და ამოცანა დღეს სამუშაო ადგილებია. ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანი ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.

„ამიტომ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ამ ეკონომიკური კრიზისის და პანდემიის შემდგომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, აღორძინება. გარდა იმისა, რომ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს, სწრაფად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. არ უნდა დაგვავიწყდეს და წყალტუბოში ეს განსაკუთრებით ხმამაღლა უნდა ვთქვათ, ჩვენი დევნილები. მოგეხსენებათ, ყველაზე მინიმუმი რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს მათთვის არის, იზრუნოს მათ სოციალურ მდგომარეობაზე, დააკმაყოფილოს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც, საუბედუროდ, სამშობლოში გახდნენ დევნილები, ელემენტარული საცხოვრებლით და ამ მიმართულებითაც წყალტუბოში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ კიდევ 3 000 ოჯახს, რომელთაგანაც 2 000 იქნება ახალი საცხოვრებელი, 1 000 ადამიანს დაუკანონდება მისი დღევანდელი საცხოვრებელი.

„ჩვენი ბავშვები, რომელთა განათლებაზეც ვზრუნავთ და ამიტომ გვაქვს სისტემური რეფორმა განათლების სამინისტროში, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი საპენსიო უზრუნველყოფა და ამიტომ გამოვიტანეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არ არის დამოკიდებული არჩევნებზე და პარტნიულ ცვლილებებზე, არამედ კანონი განსაზღვრავს ყოველწლიურად პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას. ჩვენი მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები – ეს ის ხალხია, რომელზეც ყოველდღიური ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები უკეთესად მოემსახურონ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში არ უნდა დაგვავიწყდეს საუბარი სოფლის მეურნეობაზეც, რადგან უაღრესად ნაყოფიერი მიწა გაქვთ. ისევე, როგორც ბალნეოლოგია იყო წყალტუბოს ასეთი ნიშანი, ასევე სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგები წყალტუბოსთვის ყოველთვის დამახასიათებელი და წამყვანი იყო. ჩვენ, აქ დავბრუნდებით უახლოეს მომავალში, კონკრეტული წინადადებებითა და პროექტებით, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აქ პირველად საქართველოში, შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული კლასტერი, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული კულტურების წარმოების და შემდეგ მათი გადამუშავების, დასაწყობების, დაფასოებისა და უცხოურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ქუთაისის აეროპორტს და ეს ინფრასტრუქტურა ამ ზონაში მოეწყობა.

ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ქვეყნისთვის, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ბევრი საქმე გვაქვს გასაგრძელებელი და დასასრულებელი. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2012 წელს და უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იქნება ოქტომბრის არჩევნები. იქნება არჩევნების ხარისხი. იქნება ის, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში შეეძლება წარმოაჩინოს თავი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს კანდიდატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, რომელიც ამ რეგიონის შვილია, რომელმაც ვინაიდან აქ მუშაობდა გუბერნატორად, ზედმიწევნით, ზუსტად იცის თითოეული სოფლის, რაიონის და რეგიონის პრობლემები. ის იქნება ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფოს აშენება. გამარჯვებას გისურვებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.