გიორგი გახარია - დღგ-ის მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში
დღგ-ის მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში, საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით. ეს გახლავთ დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ დღგ-ის მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, უპირველესად, საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი რეჟიმი, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.