გიორგი გახარია - დღევანდელი კრიზისი არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია, თავისი ფუნქცია შეასრულოს
დღევანდელი კრიზისი არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია, თავისი ფუნქცია შეასრულოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მინდა, ეს ჩვენი შეხვედრა იყოს არაფორმალური, მეგობრული იდეების, აზრების გაცვლისთვის, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი და წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ხართ, როგორც ტურისტები დღეს კახეთში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური გამოწვევა. ის უკვე გადავიდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში და ყველას კარგად გვესმის, რომ არათუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც ცალკე აღებული, ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ. ამიტომ ეს კრიზისი, ჩვენი დღევანდელი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კრიზისი, არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია, თავისი ფუნქცია შეასრულოს, თვითონ, თავის ტერიტორიაზე, თავის სახელმწიფოში, თავის ქვეყანაში, სწორად მართოს ის რისკები, რომლებიც მოაქვს ვირუსს, შეძლოს ვირუსის შეჩერება, შემდგომ შეძლოს მკურნალობა მოქალაქეების და ამით შესაბამისი ფუნქცია შეასრულოს გლობალურად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.