გიორგი გახარია - დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, არ ნიშნავს, რომ ამ შეზღუდვებს ხვალ და ზეგ არ დავუბრუნდებით, ეტაპიდან ეტაპზე გადასვლისთვის გვექნება ორკვირიანი ინტერვალი
გიორგი გახარია - დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, არ ნიშნავს, რომ ამ შეზღუდვებს ხვალ და ზეგ არ დავუბრუნდებით, ეტაპიდან ეტაპზე გადასვლისთვის გვექნება ორკვირიანი ინტერვალი

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს ეპიდემიოლოგიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკის გახსნა, ეკონომიკური საქმიანობის გახსნა, შეზღუდვების მოხსნა უნდა იყოს ეტაპობრივი და უკიდურესად ფრთხილი. ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ნებისმიერ მომენტში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების პირობებში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გადავახვიოთ უკან ან შემდგომ ეტაპზე გადასვლა შევაჩეროთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენ დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეზღუდვებს ხვალ და ზეგ არ დავუბრუნდებით. პირდაპირ კავშირშია, როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებს და პირობებს, რომლებსაც ექიმები გვიწესებენ, შევძლებთ თუ არა გახსნის, ეკონომიკური აქტივობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემდგომ ეტაპზე გადასვლას თუ არა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა.

„ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს ეპიდემიოლოგიურად. შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით. ამიტომ ორი კვირა იქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით გვექნება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება პროფესიონალებთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ გაითვალისწინოს, რომ როდესაც გარკვეული საქმიანობები ხდება ნებადართული, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ხდებოდა ეპიდემიამდე.

„ეს არის აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები, აბსოლუტურად სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა არამხოლოდ ჩვენი თანამშრომლების წინაშეა, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, არამედ საერთოდ სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობა, რამეთუ მოგეხსენებათ, ეპიდემიის ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.