გიორგი გახარია - დღეს შსს-ს, მთავრობის საზრუნავი უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვაა
გიორგი გახარია - დღეს შსს-ს, მთავრობის საზრუნავი უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვაა

დღეს შსს-ს, მთავრობის საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა, რასაც ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს შსს-ში.

„გამოძიებამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული ძალადობრივი სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად ქართული პოლიცია იყო იძულებული, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომ, მეორე რიგში, გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბოლომდე მივიყვანოთ ორივე ეს საქმე“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გენერალური პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.