გიორგი გახარია - დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს პარლამენტში სრული შემადგენლობით იმყოფებიან საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები და მზად არიან, კითხვებს უპასუხონ.
„ზუსტად 102 წლის წინ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს. შესაბამისად, დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე პარლამენტის წინაშე. შეუძლებელი იყო არ მოვსულიყავით და არ გაგვეცა პასუხები კითხვებზე. დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს, ეს არის გლობალური პანდემია. მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს. დღეს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება იმისა, თუ რა იქნება ხვალ. გლობალური პანდემიის დიდი გამოწვევა ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, ვაქცინა, ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზები. დღეს არავინ იცის, როგორი იქნება ხვალ მსოფლიო, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ეს ჩვენთვისაც ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც აღმოვჩნდით კრიზისის პირისპირ, იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო გაურკვევლობის მაღალი დონე. გახდა აუცილებელი გადაგვედგა ნაბიჯები, რომელიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ ასცდენია. პანდემიიდან გამოსვლის ეტპაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ დღეს, რისთვისაც სათანადო არგუმენტები არსებობდა. დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქეისები, ძირითადად, ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.