გიორგი გახარია - დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მარტო გაიყვანოს სამშვიდობოს, ერთიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
შინდისში ტრადიციულად პატივს მივაგებთ გმირებს, მაგრამ დღევანდელი დღე იმით არის განსხვავებული, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის, თითოეულ ჩვენგანს თავისი პასუხიმგებლობა უნდა ესმოდეს და თავისი მოვალეობა, რომ დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, ქვეყანას ახლა ერთიანობა სჭირდება.
„ეს ყველაფერი გავაკეთოთ გონივრულად, ისე, რომ ქვეყანას ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ, ჩვენ სამშობლოს აღარ დასჭირდეს სიცოცხლეების შეწირვა თავისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მარტო გაიყვანოს სამშვიდობოს. ერთიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმის მაგივრად, რომ ქართველები ვდაობდეთ ომი როდის დაიწყო და ეს ომი ვინ დაიწყო, ერთად უნდა ვზრუნდავდეთ და ვიცავდეთ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე. რუსეთი არის ოკუპანტი, დღეს ქართველები დღესაც უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ აგვისტოს პირველ დღეზე, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. ამიტომ, კითხვები, ვინ დაიწყო ომი ან როდის დაიწყო, არის აბსოლუტურად არააქტუალური დღეს. დღეს ქვეყანას ისეთი გამოწვევები აქვს, ჩვენ ისეთი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა გახარიამ.