გიორგი გახარია - დღეს საქართველო საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს, ეს არის გარანტი, რომ რისკი მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნას
დღეს საქართველო ასი ათას მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს. ეს არის გარანტი, რომ რისკი მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დახლოებით 200 „პისიარ“-ტესტს, დღეს აკეთებს დაახლოებით 10 ათასზე მეტ „პისიარ“-ტესტს.
„ათას სისულელეს ლაპარაკობენ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რა არის აქ მთავარი – პირველია სწრაფი გამოვლენა, ამას აქვს თავისი ინსტრუმენტები, ეს არის მიზნობრივი და ეფექტური ტესტირებების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით, კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. მესამე არის ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა. რაც შეეხება სწრაფ გამოვლენას, სწრაფი გამოვლინების ნაწილში ჩვენ მოდელი შევცვალეთ უკვე დაახლოებით ორი კვირაა, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. აქ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დახლოებით 200 „პისიარ“-ტესტს. დღეს ქვეყანა აკეთებს დაახლოებით 10 ათასზე მეტ „პისიარ“-ტესტს. მიუხედავად ამისა, ტესტის კეთების რესურსი შეუზღუდავი არ არის და ამ ტესტის კეთება უნდა იყოს მიზნობრივი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და ის შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა გაიტესტოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სისტემური ტესტირებაა, როდესაც იტესტება კონკრეტული სოციალური ჯგუფები. მაგალითად, ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების.
„ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც არის ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. რაიმე სიმპტომი თუ არ გვაქვს, უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის ცვლილება, რომელიც ჩვენ კლინიკური მართვის ნაწილში შევიტანეთ. სისტემური და მიზნობრივი ტესტირება უკვე დალაგებულია. დღეს საქართველო საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს ასი ათას მოქალაქეზე. ეს არის გარანტი, რომ რისკი მსხვილ სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.