გიორგი გახარია - დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომაროების გამოცხადების საკითხიც განიხილეს.
მისი თქმით, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუ კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“,- განაცხადა პრემიერმა.