გიორგი გახარია - დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი
დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის გარკვეულ მიღწევებს, წარმატების დასაფიქსირებლად, 10-15 წლის წინანდელ წარსულს ადარებს, რაც, როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია.
„დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ნეპოტიზმი, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საჭიროება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბევრი რამ გაკეთდა. რა არის ჩემთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი. კატეგორიულად, პრინციპულად მიუღებელი არის ის, რომ „ქართული ოცნება“, პარტია, იმასაც კი, სადაც მართლა თანმხდება და გარკვეული მიღწევები და პროგრესი ჰქონდა, იმასაც დღეს თავისი წარმატების დასაფიქსირებლად ადარებს 10-15 წლის წინანდელ წარსულს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ის, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კლავს. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს მიზნად უნდა დავისახოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს დღევანდელზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.