გიორგი გახარია - დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება, რათა პირველ რიგში, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად წესების დაცვით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე და რისკები.
ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს, ვირუსის შეჩერების ორი გზა არსებობს – სრული „ლოკდაუნი“, ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა და მაშინ შესაძლებელია სწრაფ დროში შედეგის მიღება, ვირუსის გავრცელების თითქმის სრულად გაჩერება ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა, მაგრამ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს ყველა მხარის მაღალ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ისევე საჯარო და კერძო ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.