გიორგი გახარია - დღეს ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის
დღეს ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიცაა ოკუპაცია, ქვეყნის საგარეო კურსი და მშვიდობიანი განვითარება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს.
„ყველას უნდა გვქონდეს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გეგმა, გრძელვადიანი, თანმიმდევრული გეგმა, მაგრამ ასევე ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მარტო კაცი ვერაფერს გახდება და ჩვენ აქ აუცილებლად გვჭირდება ერთიანობა. ერთიან პოზიციაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერში ერთმანეთს უნდა დავეთანხმოთ. ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეც არის, მაგრამ, ეს მრავალფეროვნება და ჩვენი დემოკრატიულობა არ უნდა გახდეს ქაოსის მიზეზი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული წესრიგი.
ისეთ ზეპარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე მაინც, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა პოლიტიკური პარტიის შეთანხმება. მაგალითად, გაურკვეველია, რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ. რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ ან ევროატლანტიკურ მომავალზე. საბოლოო ჯამში, რაც მთავარია, რაზე დაობს ეს ხალხი მაშინ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს ქვეყნის მშვიდობიანი და არაძალადობრივი განვითარება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა მოწმე ვართ იმის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ჩვენს მოქალაქეებს დაბეჯითებით მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქუჩის საშუალებით ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლისკენ. პარალელურად, ყველას კარგად გვახსოვს, რომ პანდემიის პირობებში ორი მლნ ჩვენი მოქალაქე მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს. ჩემთვის ეს ნათელი ფაქტია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ჩვენს ბრძენ მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.