გიორგი გახარია - დღეს ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა
დღეს ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ისეთი რეკომენდაციების დაცვისკენ, როგორიც არის: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენ სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადაპტაციის პრინციპი არის შემდგომი: სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა, შემდგომ უკვე სწრაფად დაბრუნება ადამიანის ნორმალურ მდგომარეობაში. ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. დღეს ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ვამბობთ, მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცებს, მაგალითად, დახურულ სივრცეში აუცილებლად პირბადის ტარება, ასევე როგორც რეკომენდაცია, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, როდესაც ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადსხვა ღონისძიების დროს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ელემენტარული სოციალური დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.