გიორგი გახარია - დღეს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც მერე პროპაგანდისტულად ზემოქმედება უნდა მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე
დღეს ახალი ტელევიზიის შექმნას გვიანონსებს რამდენიმე ცალ-ცალკე პოლიტიკური ჯგუფი, რამდენიმე მათგანს სხვათა შორის, ბიუჯეტის ვალი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომლითაც შეეძლოთ ცალკე აღებული მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოართვა.
„ერთადერთი რაც დარჩათ, იყო პროპაგანდა ამ შვიდი წლის განმავლობაში, ამ პროპაგანდას იყენებდნენ ისე ეფექტურად, რომ ფაქტობრივად მოხდა სიმართლის სიცრუით ჩანაცვლება. ამან ისეთი გავლენა იქონია მოქალაქეების აღქმაზე, რომ დღეს მათ აღქმაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისეთი საკითხები, როგორიც არის „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების საგარეო ორიენტაცია, ოკუპაციასა და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში პოზიცია, მედიათავისუფლება. დღეს ახალი ტელევიზიის შექმნას გვიანონსებს რამდენიმე ცალ-ცალკე პოლიტიკური ჯგუფი, რამოდენიმე მათგანს სხვათა შორის, ბიუჯეტის ვალი აქვს და ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც მერე პროპაგანდისტულად ზემოქმედება უნდა მოახდინონ ისევე ჩვენს ამომრჩეველზე. ამ ნაწილში იძულებულები ვართ, რომ ერთადერთ ეფექტურ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ სიმართლე. რაც ჩემთვის მიუღებელია, ამ პროპაგანდისტული გადმოსახედიდან, კეთილსინდისიერი ბიუროკრატიის ბულინგი, როდესაც ადამიანი საჯარო სამსახურში მიჰყავთ დაშინების დონემდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.