გიორგი გახარია - დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს არის განახლების არჩევნები
დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არჩევნებია, როდესაც ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გაირღვეს და დაიწყოს ქვეყნის მშვიდობიანი ცვლილებები.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. დღის პირველი ნახევრის მონაცემები გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეებს სრულად აქვთ გათვითცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და რომ ეს არის განახლების არჩევნები. თუმცა, იმისდა მიუხედავად, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც უკვე დააფიქსირა თავისი ნება, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მინდა, მადლობა გადავუხადო, ასევე მინდა, მოვუწოდო ყველას, მივიღოთ მონაწილეობა იმ არჩევნებში, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომავალი, ქვეყნის განახლება, შემდგომი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია. დღეს არჩევნებია, როდესაც ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ და წინ უნდა წავიდეთ, დავიწყოთ ქვეყნის მშვიდობიანი ცვლილებები“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მოქალაქეების ნების გამოვლინების დაცვისა და საკუთარი უფლებამოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ მოუწოდა.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შრომობს, როგორც საჯარო მოხელე, როგორც საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო კომისიის უბნებზე წევრი – მინდა მოვუწოდო მათ, რომ დაიცავით საქართველოს მოქალაქეების ნება, კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი უფლებამოვალეობები, რამეთუ ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, სახელმწიფოს განვითარებას.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ უამრავ დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღის განმავლობაში, იქნება აღრიცხული როგორც ჩვენ მიერ, ისე დამკვირვებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მინდა მოვუწოდო საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული მიკერძოებულობისა, კეთილსინდისიერად განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოვალეობები. ასევე მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ერთმანეთს, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კომისიის მხრიდან ხმების დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პარტიას, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ჯერ კვალიფიციური პარტია, არ გვყავს კომისიის წევრები, გვყავს მხოლოდ წარმომადგენლები, ამიტომ ეს იყო ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, ბოლო დროს საკანონმდებლო ცვლილებებისა და ცესკო-ს დადგენილების შესაბამისად, ცესკო ვალდებულია, ხმების დათვლის პროცესი სრულად აღბეჭდოს კამერაზე, რომელიც იწერს, ამავდროულად, სრულად გამჭვირვალედ და კონკრეტულად ამ დადგენილებაში წერია, რომ ბიულეტენის წინა მხარე უნდა იყოს დაფიქსირებული კამერის წინ ისე, რომ მკაფიოდ ჩანდეს, ვისთვის არის მიცემული ხმა. ეს არის მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ. ამაზე მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის წევრებმა რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს ბრიფინგი. რომ გითხრათ სიმართლე, გარკვეული პასუხი საარჩევნო კომისიისგან ვერ მივიღეთ. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ცესკო-ს, დეტალურად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია კანონით და მათივე განკარგულებებითა და დადგენილებებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.