გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი
დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც გიორიგ გახარიამ აღნიშნა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები.
„დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ჩვენ ციფრებით პირდაპირ არ ვაფიშირებთ, რადგან იქ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და პირდაპირი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება. რომლის პროცესი დღესაც არ არის დასრულებული და დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს დღეებში დაასრულებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისებისა და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე, ნებისმეირ საქართველოს კუთხეში და მოქალაქეები, როგორიც ცხინვალის რეგიონიდან, ასევე ენგურის მეორე მხრიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია და გავაკეთებთ ყველანაირი სერვისის მობილიზებას, რომ ეს სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“, – განაცხადა გახარიამ.