გიორგი გახარია - საქართველო-ბელარუსის თამაშზე მეც ვიქნებოდი, მაგრამ სამწუხარო რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება
დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც ვიქნებოდი თამაშზე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბელარუსი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის ჩვენი გულშემატკივრები ბევრად მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი. ხშირად, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ ელემენტარული წესები, რომელზეც პოლიტიკოსი მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის, პირბადის ტარებისა და დისტანციის ნაწილში, რთული არ არის, მაგრამ ზოგიერთი პირიქით აკეთებს ამას, გამაღიზიანებლად. თუმცა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ ამას ჩვენი მოქალაქეები არჩევნების დღეს შესაბამისად შეაფასებენ. მთავარია, ამან ეპიდემიოლოგიურად არ გაგვირთულოს მდგომარეობა.
200 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა არსებობს, მათ შორის ღია სივრცეში; აუცილებელია პირბადე და დისტანცია უნდა იყოს დაცული. 16 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში სტადიონზე ყოფნა, თუნდაც ეს ღია იყოს, რამდენადაც ეს მძიმე უნდა იყოს, შეზღუდულია. მე მესმის მათი გულგატეხილობა, მეც ასე ვარ, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ამ თამაშზე, დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც იქ ვიქნებოდი მათთან ერთად. მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია, ჩვენი მოთამაშეების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება, კიდევ უფრო მეტი იქნება გამარჯვების მოტივაცია, რადგანაც, როდესაც ამხელა ენერგიაა დაგროვილი საქართველოში და თბილისში, განსაკუთრებით აქ მონაწილეობის, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი ამ ენერგიას იგრძნობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.