გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ეკლესიასა და დღევანდელობას შეეფერება
მერწმუნეთ, ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.
მისი თქმით, ბევრს სურს სენსიტიურ და მნიშვნელოვან საკითხებში დაპირისპირების მომენტები შეიტანოს, თუმცა ასე არ იქნება.
„მე მესმის, რომ ბევრს უნდა მსგავს ემოციურ და საკმაოდ სენსიტიურ, ისევე როგორც ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებზე და მთავრობისთვის, ჩვენთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვან, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხებზე, რაღაც წინააღმდეგობებზე, რაღაცნაირი კონფლიქტური ან დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. არ იქნება ეს ასე, მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით აი იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე, ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ის ლიტურგიას თვალს სახლიდან, ტელევიზორიდან მიადევნებს.
„მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია, აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მეზობლების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“, – განაცხადა პრემიერმა.