გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, პანიკის საფუძველი არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი განცხადებით, დარწმუნებულია, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება.
„რაც შეეხება გრიპის ვაქცინას, თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ, სამწუხაროდ, გლობალურად საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, გასაგები მიზეზების გამო – მოთხოვნა საკმაოდ მაღთალია, თუმცა აქვე მინდა, გითხრათ, მთავრობას, საქართველოს შესაბამისი დაწესებულების, უწყებების საშუალებით შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული. ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდგომი კვირიდან. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, ოღონდ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა. არ არის აქ არანაირი პანიკის დაწყების აუცილებლობა. გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, საკმაო დრო გვაქვს იმისთვის, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებები სრულად შევასრულოთ. კორონავირუსი პირველ ეტაპზე საერთოდ უცნობი მოვლენა იყო მსოფლიოსთვის. დღეს ამ უცნობობის ახალი ხარისხი შემოაქვს იმას, ვირუსის და გრიპის ერთმანეთთან თანხვედრა რა შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გადაზღვეული გვაქვს. არანირი პრობლემა აარა იმაში, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ, თუმცა მათ თავისი პასუხისმგებლობები აქვთ. ისინი თავის მხრივ აგრძელებენ ამ შესყიდვებს. ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში დეფიციტი არ იქნება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.