გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნესა და თანადგომაში, მათი გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელიც მთავრობამ დაანონსა, არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ კრიზისიდან.
„დღეს ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების, სახელმწიფო რესურსების ამოღებასა და დახარჯვას. აღარ მინდა ამ საპენსიო ფონდზე და რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის მოხუცებულობაში ჩვენი მოქალაქეების სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ. ეს ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ეს იყოს ბავშვებზე, ქვეყანაზე, გადასახადებზე, მეწარმეებზე და სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, მოქალაქეების მხარდაჭერითა და მათი გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და უფრო კომპეტენტური.
მისივე თქმით, საქართველოში უნდა ჩატარდეს შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები.
„რაც დღეს აქ ხდებოდა, როდესაც ადამიანები, შინარსობრივი ოპონირების ნაცვლად, იქცევიან როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელების ქნევით, ყვირილით და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს ეძახიან ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რა პირობებშიც, როგორც ჩანს, ჩვენ უახლოესი ექვსი თვე მოგვიწევს მუშაობა.
იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და უფრო კომპეტენტური იქნება“,- განაცხადა გახარიამ.