გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, ყველაზე სამართლიანი, გამჭრიახი ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, ყველაზე სამართლიანი და გამჭრიახი ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ამ შეთანხმებას შეასრულებს.
„ახლა მინდა, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ წამოგვაძახა, რომ სენატში განიხილება თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომ იქ ისეთი ჩანაწერი იქნება, აგერ ნახავთო; მრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა და შემდგომ ამით სპეკულირება ქართულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ამ შეთანხმებას შეასრულებს. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ორშაბათს კენჭს უყრის და ქვეყანაში იქნება ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც მივყავართ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს გზა ამ გადაწყვეტილებამდე, იყო საკმაოდ რთული. რა თქმა უნდა, 30 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ოცნება იყო პროპორციული სისტემა და ვერავინ ამ ოცნებას ვერ მიაღწია. რაც არ უნდა ილაპარაკონ, როგორი შეფასებებიც არ უნდა მოხდეს, ამ პარლამენტის კენჭისყრის შედეგად ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვლება და ეს ჩვენი მოვალეობაა, ისევე, როგორც ჩვენი მოვალეობაა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოდიოდა ODIHR-ისგან და ამ რეკომენდაციების მიღება და შემდგომი იმპლემენტაციაც მოხდება“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და უმაღლესი სტანდარტის არჩევნები.
„ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი პროცესი არ შეჩერდეს და ყველაფერ ამაზეც, მათ შორის, ამ ავტორიზაციის აქტში საუბარია და რა თქმა უნდა, იქაც ყველაზე დიდი ნაწილი პოზიტიურად არის შეფასებული მაგრამ, არა, დეზინფორმაციის, იგივე ფეიკ ნიუსების, მოდელირებული რეალობის მეშვეობით, ადამიანებმა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური დავის და პოლიტიკური მსჯელობის საგნად გახადეს კონკრეტული სამართლებრივი საქმის კონკრეტული პერსონაჟის, ამ შემთხვევაში ბატონი რურუას საკითხი, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, საკითხის მსგავს ტონალობაში დაყენება ტრაგიკულია“, – განაცხადსა გახარიამ.
მისი თქმით, საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 90-იან წლებში და ის, რომ კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე დღეს სტრატეგიულ პარტნიორებთან მსჯელობის საგანი ხდება, საქართველოს მოქალაქისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, შეურაცხმყოფელია.
„რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფეიკ ნიუსები, ეს მოდელირებული რეალობა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიები, ქმნიან საფუძველს იმისთვის, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანიც კი ხდებოდეს ის, რაც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის არის წარმოუდგენელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ბატონები საკუთარი ეგოს და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით, არაფრად დაგიდევენ იმას, რომ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მიაყენონ მას ზიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარი ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ეს არის ბოროტება და ზოგიერთს ტაშს დავუკრავდი ახლა აქ რომ ბრძანდებოდნენ და ვეტყოდი, ბატონებო, თქვენ ხართ ჩემპიონები ქვეყნის მტრობაში და ქვეყნისთვის ბოროტების ჩადენაში.
სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო პროაქტიულები. ჩვენ, ჩვენი სიმართლე, ობიექტური რეალობა უფრო ეფექტურად უნდა მივიტანოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ყველას ობიექტურად დავანახებთ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის 8 მარტის შეთანხმება, როგორ შევასრულებთ ჩვენ ამ შეთანხმებას, როგორ ჩავატარებთ ქვეყანაში დემოკრატიულ, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტის არჩევნებს. მაგრამ, ყველაზე მეტი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ უკვე ხარისხზე, საქართველოს პარლამენტში, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი, ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა.