გიორგი გახარია - დანაშაულების სტატისტიკა ყოველთვის ღია იქნება, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს
დანაშაულების სტატისტიკა ყოველთვის ღია იქნება და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შს მინისტრის თქმით, არის დანაშაულების კატეგორია, რომელთა რაოდენობამაც მოიმატა და არის დანაშაულები, სადაც კლება შეინიშნება.
„როგორც კი წლის ბოლოს დავინიშნეთ სამინისტროში, მაშინვე ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი ფიქრის გარეშე გავეცით დაპირება, რომ სტატისტიკა იქნებოდა ღია. ეს სტატისტიკა არის ღია და შესაბამისად, ამ სტატისტიკის ნახვა არის შესაძლებელი ყველასთვის. არის გარკვეული დანაშაულები, სადაც ზრდა გვაქვს და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. არის დანაშაულები, სადაც ასევე გვაქვს კლება.
ერთმნიშვნელოვნად, შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულების ნაწილში, ასე თუ ისე ნორმალურად მივდივართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ მართლწესრიგი, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და სწორედ ამის გათვალისწინებით ტარდება სამინისტროში ის რეფორმები, რომლებიც ეხება პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, საპატრულო პოლიციის გაძლიერებას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ, რა თქმა უნდა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების დონეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს“, – განაცხადა შს მინისტრმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენებს სასტუმრო „რედისონში“ შეხვდა.