გიორგი გახარია - დახმარებით ისარგებლებს 350 ათასამდე მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს
დახმარებით ისარგებლებს 350 ათასამდე მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
პრემიერის თქმით, მათი მიზანი იყო, თითოეულ მოქალაქემდე სხვადასხვა გზით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო.
„დახმარებით სარგებლობას, დღეის მონაცემებით, იმ ფონდებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეძლებს საქართველოს სულ მცირე 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს. ამ ღონისძიების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ჩვენ შეგვეძლოს ექვსი თვის განმავლობაში მათ მინიმალური მხარდაჭერის, თანადგომის და გვერდზე დგომის ფინანსური საშუალება რისიც გვაქვს, ამით დავეხმაროთ.
ეს არის ის ზრუნვის პაკეტი, რომელიც ყველა იმ მუშაობის შედეგად, რომელიც ჩვენ გავწიეთ, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც საქართველოს მთავრობას დღეს შეუძლია შესთავაზოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმ საკმაოდ შეზღუდული რესურსებიდან, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეკონომიკის სიმცირიდან, ჩვენი ეკონომიკის შესაბამისია. თუმცა ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეორეს მხრივ ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებას, ვიყოთ მაქსიმალურად სამართლიანები და მაქსიმალურად ეფექტურები და ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისულ და ამ ბრძოლის პირობებში, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ყველაფერთან ერთად მოეცვა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენი ქვეყნის სოციალური ფენების, რათა თითოეულ მოქალაქემდე სხვადასხვა გზით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.