გიორგი გახარია - დახმარება მივა ყველა ოჯახამდე, იმედი მაქვს, აღარ შევხვდებით ისეთ მორალურ პრობლემებს, როცა ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე თვეა, გრძელდება პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, თუმცა, ამავე დროს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი.
გახარიას თქმით, საარჩევნო პროცესიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე რამდენიმე თვე გვიწევს ყოველდღიური მუშაობა იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, ესეც არის მთვრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მთავრობის მეთაურის განმარტებით, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანა მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ.
გახარიას განმარტებით, დახმარება მივა ყველა ოჯახამდე, ვინც შესაბამის განაცხადს შეავსებს და იმედი აქვს, აღარ იქნება ისეთი მორალური პრობლემები, როცა ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ.
„მოგეხსენებათ, ჩვენ მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდდა და დღეის მდგომარეობით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 ათასს ოჯახს.
რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი ციფრებია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანიც გახლავთ 17 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, როდესაც ახალი სასწავლო წელი იწყება.
თუმცა ხანდახან, სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდები. მე გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, თუმცა, მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხაზგასმით ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, ლიბერთი ბანკი, ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე, მათ მიეხმარება სწარფად, მაქსიმალურად, რათა ეს განაცხადები შეავსონ. ამასთან ერთად, მინდა, გითხრათ, რომ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარებების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ყველა იმ ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, ჩვენ აღარ შევხვდებით“, – განაცხადა გახარიამ.