გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება
მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გახარიას თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, თუმცა არის რაღაც საკითხები, რომლებიც დასასრულებელია.
„გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, ისე, როგორც უნდა დალაგებულიყო, ვერ დალაგდა. თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა არის უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ, დღის განმავლობაში, წესით, იმედი მაქვს, რომ დასრულდება და შეთანხმება იქნება მიღწეული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება.
„ორი დღე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება. არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა, გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის. ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი, როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ქარტიით არის განსაზღვრული, რომლებიც ჩვენ გვაქვს – სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიები, ჩვენი სტუდენტების დასაქმება. რაც ყველაზე მთავარია, ემიგრაციის შეჩერება, რომ ქვეყანა გავხადოთ ლიდერი.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება უკვე სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. ხვალ, იმედია, ყველაფერს დავამთავრებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.