გიორგი გახარია - ვირუსის გავრცელების კუთხით ციფრებმა არ შეგვაშინოს, ეკონომიკის აღდგენის პროცესი არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირველ ეტაპზე, როცა კორონავირუსის მხოლოდ ათეულობით შემთხვევა ფიქსირდებოდა, ვირუსთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო, მძიმე შეზღუდვები იყო აუცილებელი პირობა, რათა მოქალაქეების სიცოცხლე გადაერჩინათ.
დღეს კი, გახარიას თქმით, არსებობს მეტი გამოცდილება, რაც იძლევა საშუალებას, მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაგრძელდეს ცხოვრება და მსგავსი შეზღუდვებით ეკონომიკა რისკის ქვეშ არ უნდა დააყენონ.
გახარიას განმარტებით, დღეს უკვე პრიორიტეტი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც გარკვეული წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მარტივი წესებია – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, ლოკდაუნები, შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა, სწორედ იმიტომ იყო გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, რადგან მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ვირუსის რისკების, დროში გავრცელების მართვის, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც, დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალეების ჯანმრთელობას.
რას ნიშნავს ეს? მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. ეს მარტივი წესებია – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელზეც ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განმარტებით, შეუძლებელია, რომელიმე ცალკე აღებულმა ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს.
„სამწუხაროდ, ვიდრე გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება, ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს. ამიტომ ვამბობთ, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც იყო ათეულობით შემთხვევები და არა მეტი, მძიმე შეზღუდვები იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა დროში ვირუსის გავრცელება, რათა მოგვეგო დრო, მეტი გვესწავლა და მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უფრო მეტად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ და დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების ტენდენცია ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი იქნება, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.