გიორგი გახარია - ჩვენს ყველა მოქალაქეს, ნულიდან 100 000 ქულამდე მყოფს, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი 16 წლამდე შვილი, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა
ჩვენს ყველა მოქალაქეს, ნულიდან 100 000 ქულამდე მყოფს, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი 16 წლამდე შვილი, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.
„ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა. ასევე, ჩვენს ყველა მოქალაქეს, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფს, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნება 100-ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მთავარია ის, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე.
ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.