გიორგი გახარია - ჩვენ მიერ მიღებული ზომები ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ კომპანიებმა მხარდაჭერა გაუწიონ დასაქმებულებს და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები
ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა მთლიანობაში ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარის რესურსის დატოვებას ან მიმართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გეგმამ ახალი კორონავირუსის ეკონომიკური ზეგავლენის შესამცირებლად კერძო სექტორს მხარი უნდა დაუჭიროს.
„ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მლრდ ლარის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ან დატოვება კომპანიების სახით, რამაც ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე იქნება უფრო მძიმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ ეს გადაწყვეტილებები მივიღოთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ის ზომა, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის, საშემოსავლო გადასახადის გადავადებისა და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი და მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, გაგრძელდება ეროვნულ ბანკთან ერთად საბანკო რეგულაციებზე საუბარი, რათა საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად მასტიმულირებელი ინსტრუმენტები იყო გამოყენებული.
„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რამეთუ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოების მიმართ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოხატული მზაობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ასეთ შედეგს მივაღწევთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო კერძო სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის მხრიდან გამოვლენილი სურვილი მხარდაჭერისა და მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერმა, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგენისას.