გიორგი გახარია - ჩვენი ყველა ნაბიჯი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული
მთავრობის ყველა ნაბიჯი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ადამიანის უფლებები პანდემიის დროს – ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულების შემდგომ განვითარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პროცესების გაუმჯობესებას.
„საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული რისკების ქვეშ დააყენა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული კომპონენტები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ. მოგეხსენებათ, ჩვენი ყველა ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი. ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი – ადამიანის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ აღორძინებასა და ადამიანის უფლებების სტანდარტის შენარჩუნებას შორის, დაწყებული უმცირესობებისათვის თავიანთ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. იმ ფორმატებში, რომლებიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი საბჭოს და შტაბის ფორმით, ყოველდღიურად, მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას ვუზიარებდით ინფორმაციას, როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ასევე იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებობდა. მზად ვართ, იქ, სადაც კრიტიკის აუცილებლობაა, შენიშვნები მივიღოთ, იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები დავსახოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.