გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თითოეული მოქალაქის ვალია, ახსოვდეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირები და პატივი მიაგოს მათ.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად მძიმე დღეა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ და გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა, ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და დღეს ეს ქართული სახელწმიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ ამ ქვეყანას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს: ქვეყნის დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.