გიორგი გახარია - ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეები, ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარია, რა შედეგითა და რა დანაკლისით
მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეები გვყავდეს ინფორმირებულები, ამიტომ იყო სწორედ მოკლეტექსტური გზავნილები დაწყებული ახლა, როდესაც ვნახეთ, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასობრივად იყო გასავრცელებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „კოვიდ“-19 არის გამოწვევა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ჰქონია არც მისი გავრცელების სისწრაფით, არც გლობალური მასშტაბისა და მოცულობის თვალსაზრისით.
„ყველა რეცეპტი, რომელსაც დღეს სხვადასხვა ადამიანები აჟღერებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრი. დღეს არ არსებობს, საქართველოს კი არა, ჩვენზე ბევრად უფრო ეკონომიკურად და მეცნიერულად ძლიერ ქვეყნებს არ აქვთ ზუსტად, მიზეზშედეგობრივი კავშირებით შექმნილი გეგმა, რა იქნება ხვალ და რა იქნება ზეგ. ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, შეიძლება შეფასებები იყოს ბევრი. საბოლოო ჯამში, შედეგმა უნდა აჩვენოს ყველაფერი. შედეგი დღეს ჩვენ რაც გვაქვს, ასე თუ ისე, შედარებითია ყველაფერი, პროცესის მართვას ვახერხებთ.
ჩემი მთავარი მესიჯი და აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი რა გახლავთ? ის, რომ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ მარტივი მესიჯი, რომ გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფრო მეტი, გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფრო მძიმე, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მზად. შეუძლებელია მსგავს გლობალურ გამოწვევას მთავრობამ უპასუხოს მარტო. რთულია დღეს ამ პროცესების შეფასება და აგიხსნით რატომ – საქართველო, ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები, ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარი არის, რა შედეგით და რა დანაკლისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.