გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორები არიან ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, თითოეული მათი ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები
გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორები არიან ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, თითოეული მათი ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის.

„რა თქმა უნდა, ამაში არაფერი სასიამოვნო არ არის. საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, წინასაარჩვენო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ამ ცვლილების მიღების შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ და თქვენ ყველანი, ჩვენთან ერთად ამას ნახავთ. საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თითოეული მათი  ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, რადგან ,საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბოლოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები საერთო მიზანია.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია. ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.