გიორგი გახარია - ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა
კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი. საბოლოო მიზანი კი გახლავთ, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, რათა ის მიზნები, რომლებიც გვაქვს, მისი უზრუნველყოფა მოვახდინოთ. ეს მიზნებია, პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს კეთილდღეობა ქვეყნის, თითოეულ ქართულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე, ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს ლტოლვილებზე, ყველაფრის გაკეთება, რათა მშვიდობიანად ისინი დავაბრუნოთ თავიანთ, მშობლიურ სახლებში. ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, ღირსეული სიბერე, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები. ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.
მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და საქართველო ამ გზაზე უნდა იყოს უაღრესად სწრაფი და წარმატებული.
„ამ ყველაფერს ჩვენ განვახორციელებთ ერთად. გუნდური მუშაობა არის ამ გზაზე წარმატების ყველაზე დიდი საფუძველი. ერთიანობა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს. ამიტომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ამ მხარდაჭერის ფასიც და პასუხისმგებლობაც გვესმის და დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ, ხალხთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.