გიორგი გახარია - ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში
გიორგი გახარია - ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული და შემდგომი განვითარებისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს ნაბიჯები ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, განპირობებულია, ქვეყნის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რაც არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული კულტურით, პოლიტიკით, სპორტით და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს „ბორდერიზაცია“.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს „ბორდერიზაცია“. ქვეყნის შიდა უსაფრთხო გარემოს შექმნაში უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელშიც ყველა სამთავრობო და სახელმწიფო უწყებამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ადამიანური სახით ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ გასავითარებლად, სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა არის ჩვენს მოქალაქეებში სამართლიანობის დამკვიდრების ერთადერთი სწორი შესაძლებლობა და მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა თავისი ყველა კომპონენტით – შსს, პროკურატურა, სასამართლო, სპეციალური სამსახურები, ყველას ეფექტური და დამოუკიდებელი მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ამოცანაა რომ ეს ინფრასტრუქტურა ერთობლივად შევქმნათ. თავდაცვის ნაწილში, ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობა და ქვეყნის მუდმივი მზაობა წევრობისთვის, როგორც ჩვენი თავდაცვის ძალების ეფექტურობის, მათი აღჭურვილობის, სოციალური მდგომარეობის, ასევე საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში ეს უნდა იყოს ჩვენი მუდმივი კომპონენტი და ამისთვის მუდმივად უნდა ვიყოთ მზად,“- განაცხადა პრემიერმა.