გიორგი გახარია - ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება, არ უნდა შეიზღუდოს
ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გაგრძელებულიყო სწავლა 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.
„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციასა და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული, რათა უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.