გიორგი გახარია - ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება და საერთაშორისო მხარდაჭერა ფასდაუდებელია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში
ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო მხარდაჭერა ფასდაუდებელია „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნული განცხადებით გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლას ეხება.
„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს „კოვიდ-19“-თან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ასახელებს. სტატიის მიხედვით, გლობალურმა პანდემიამ აჩვენა, რომ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება პატარა ქვეყნებს უფრო წარმატებულად გამოსდით, ხოლო ისეთ ძლიერ და დიდ სახელმწიფოებში, როგორებიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი, პანდემიის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა. „მაშინ, როდესაც მეზობელ რუსეთში კორონავირუსი ბობოქრობს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანაში, 3.75 მილიონი მოსახლით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 700-ზე დაბალია, 12 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა“, – წერს გამოცემა.