გიორგი გახარია - ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო, ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს
ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო, რადგან, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მამუკა ხაზარაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი პოზიცია ითვალისწინებს, პირველ რიგში, პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.
„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. ეს ერთი; მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა, ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, რადგან, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, არ ვიცი, იქ როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო. ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.
მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი ყოველთვის, საქართველოში ჩვენი მოღვაწეობის ყოველ დღეს სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებდით პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე, რათა პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, – „გვახსოვს თქვენი წარსული წყენები, ამ მიმართულებით როგორია პოზიციები?“ – გახარიამ უპასუხა: „მახსოვს, მეძახდნენ თვალთხარიასაც, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ წევრებიც მეძახიან თვალთხარიას. „ოცნების“ ნარატივში გამოვიდა, ესენი თვალთხარიასო და გახარია თაღლითს ეძახდაო. საერთოდ, ჩემი ლექსიკა არ არის, სიტყვა თაღლითი უბრალოდ გადავამოწმე. ბევრი რამ მითქვამს, მითქვამს მატყუარა, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ქვეყანაზე და სახელმწფიო ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, ერთი არჩევნების პირობებში ერთდროულად შევძლოთ, დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ამაში ვინმე რამე ცუდს თუ ხედავთ ან დამძრახავთ, ამასაც მივიღებ“.
გიორგი გახარიას განმარტებით, „მისთვის დღეს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს, 26 ოქტომბრის შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება“.
„კი არ გაქრეს, ვერ შეძლოს, ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ქვეყნის ხელისუფლებაში, რადგან ეს დაუშვებელია. ეს შეთანხმება ამას თუ ხელს შეუწყობს, მერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე რას ფიქრობდა ჩემზე ან რას ამბობდა. დიდი მიზანია, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ ახლა მე რომ დავიწყო საუბარი, ხაზარაძემ ეს თქვა და გაბუტული ვარ, არასერიოზული იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.
მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად იყო, ნებისმიერ მომენტში შეხვედროდა გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ პრეზიდენტს.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, რის შემდეგაც ხაზარაძე და გახარია პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ.