გიორგი გახარია - ჩვენი მხრიდან იყო აბსოლუტური მზაობა, რათა დეესკალაცია მომხდარიყო, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა, როგორც ჩანს, პროცესის მართვა ვერ მოახერხეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რათა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა შემდგარიყო.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თბილისში, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, რატომ მიდიოდით მოლაპარაკებებზე იმ ადამიანებთან, თუკი ისინი სახელმწიფო ინსტიტუტის ძალადობრივი მეთოდით აღებას ცდილობდნენ, მინისტრმა აღნიშნა:„იმიტომ, რომ მსგავს ტრაგიკულ შედეგებამდე არ მივსულიყავით“.
„მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან მათ ვერ მოახერხეს, როგორც ჩანს, ამ პროცესის მართვა. მე არ ვიცი, რატომ არ შედგა, ყოველ შემთხვევაში, დადასტურებულად ვიცი, რომ ჩვენი მხრიდან იყო აბსოლუტური მზაობა იმისთვის, რომ როგორმე დეესკალაცია მოგვეხდინა. ჩვენთვის არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა, ყველას დაველაპარაკებოდით, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა სამწუხაროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო ინსტიტუტებმა თავისი მოვალეობა არ შეასრულეს, სხვანაირად ვერ აშენდება სამართლებრივი სახელმწიფო.
„სხვანაირად ყოველ ისტორიულ პერიოდში ვიქნებით ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილებების მონობაში და ტყვეობაში. ეს არ მოგვცემს არანაირ საშუალებას, რომ გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.