გიორგი გახარია - ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა, არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად
არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის ფასად ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება.
„ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს. სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული და დღეს უკვე პარლამენტშია კანონპროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც ჩვენ გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა. მერწმუნეთ, რომ უმკაცრესად გაკეთდება. რაც აქამდე ხდებოდა, მარტივია, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ მცირე ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, დაწესდება სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა – ბუნებისთვის, ჰაერისთვის, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევს პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯას. ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის ფასად.
ამიტომ, ეს უნდა იყოს საერთო კონსენსუსი ყველასთვის და კომპანიებმა, რომლებიც რა თქმა უნდა, დოვლათს, სამუშაო ადგილებს ქმნიან, გარემოზე ზემოქმედების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და გათვალისწინება უნდა დაიწყონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან.
„აქ არანაირი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ადრე უნდა გაკეთებულიყო? დიახ, უნდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ, მერწმუნეთ, დღესაც, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ის მწირი სახელმწიფო რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, სამართლიანად გადავანაწილოთ, რასაც ვცდილობდით და ვცდილობთ, გავაკეთოთ პანდემიის პირობებში. ეს იყო ძირითადი პრინციპი, როდესაც ჩვენ ვგეგმავდით და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზეთ სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული. ეს იყო ის, როგორც ვეხმარებით ბიზნესებს სექტორულად, ტურიზმი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სფერო, თუ ინდუსტრიული კომპანიები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.