გიორგი გახარია - ჩვენი დისციპლინა, რომლითაც წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას
შეკავების ეტაპის შემდეგ, გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს თავისი ფუნქცია: სახელმწიფომ, მოქალაქემ და ბიზნესმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ვირუსთან თანაცხოვრების ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას წესები.
როგორც გახარიამ აღნიშნა, წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა არ დაიხუროს სკოლები, არ გაჩრდეს ეკონომიკა და პოლიტიკური პროცესი.
„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს თავისი ფუნქცია: სახელმწიფომ, მოქალაქემ, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში ბიზნესმა. მთავარია, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოვრება უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული წესებით. ეს წესები საკმაოდ მარტივია შესასრულებლად. ეს წესები გვჭირდება, რათა ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ სკოლები, არ დავხუროთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი და ა.შ. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას – აღვადგენთ ეკონომიკას, აღვადგენთ სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესს.
ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის გამოჩენიდან დაახლოებით შვიდი-რვა თვე გავიდა და იმდენად გლობალურია ეს გამოწვევა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით პირბადის ტარების, დისტანციის და ჰიგიენის სხვა ელემენტარული წესების გარდა, ვირუსთან გამკლავების სხვა უფრო ქმედითი ინსტრუმენტი ვერავინ მოიგონა.
ჩვენი მიდგომა თავიდანვე დეკლარირებული და თანმიმდევრული იყო. ყოველთვის ვამბობდით, რომ პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც იყო შეკავების და რომელიც მთელ მსოფლიოში წარმატებულად შეფასდა, ჩვენ გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი