გიორგი გახარია - ჩვენი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრება უკიდურესად გაჟღენთილია პოლიტიკური კონტექსტით
ჩვენი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრება უკიდურესად გაჟღენთილია პოლიტიკური კონტექსტით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა შს მინისტრს ჰკითხეს შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიზნით ემიგრანტებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
„ასეთ მაგალითს გეტყვით, ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე აღარ სჯერა ამ ფასეულობების და დააფიქსირეს თავისი პოზიცია ვიღაცეები გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის ზეწოლა. ახლა რა ვქნათ? არ არის ეს ზეწოლა, ადამიანები აფიქსირებენ თავის პოზიციას რაღაცასთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ გამოძიება ყველა ადამიანის განცხადებაზე რომ დავიწყოთ, კრიმინალი დაგვრჩება მიუხედავი. დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრება უკიდურესად გაჟღენთილია პოლიტიკური კონტექსტით. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჩვენს ამოცანებზე, მე შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პოლიციელების კეთილდღეობაზე, თქვენ საზოგადოების ჯანსაღ აღქმაზე, იმ ახალი ამბების, რომელსაც ატყობინებთ და ასე შემდეგ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.